понедельник, 24 ноября 2008 г.

თამაში

ჩვენ ყოველ დილით სარკის წინ ვირგებთ როლს
და თამაშს ვიწყებთ,
ვთამაშობთ და ვცდილობთ სარკეს არ ჩავხედოთ
თვალებში
მთელი ცხოვრება ნიღაბმორგებულები ვთამაშობთ შვილს
და არ გვინდა უძღები გვიწოდონ,
მეგობარს
და ხშირად თვალს ვარიდებთ -
არც ისე ადვილია,
დას
და ვცდილობთ სიყალბის გარეშე
მისი თვალებით ვუყუროთ სამყაროს,
ვთამაშობთცოლს
და ვგრძნობთ, რომ
დადგენილი თამაშის წესებს ვარღვევთ,
ხშირად არც ვნანობთ -
და ეს
არც ისე ძნელია
ვთამაშობთდედას
და გვინდა თბილ უბეში გამოვაზამთროთ შვილი,
ვთამაშობთ
საყვარელს,
რომელიც არასოდეს გვყოლია,
შეყვარებულს
რომელიც წარსულს დავუტოვეთ,
მორიგეობით ვირგებთ ერთგულების და ღალატის
ნიღაბს
და ხშირად გვეშინია მისი ჩამოხსნის -
არ გაგვაშიშვლონ
რადგან საკუთარი თავის თამაში
ძალიან ძნელია
ხშირად ვმათხოვრობთ
და ამ ცხოვრებას სიყვარულს ვემათხოვრებით
სიძულვილით შეპყრობილები
ჰო!
ცხოვრებამ ბევრი როლი გვარგუნა
და ქუჩის ლაბირინთებში მიმავლები ვცდილობთ
არ ჩავიხედოთ ქვაფენილის დიდ თვალებადქცეულ წვიმის გუბეებში,
გვეშინია საკუთარი თავის დანახვის,
რომელსაც ხშირად ფეხს ვაბიჯებთ
ცხოვრება - ჩემი რეჟისორია
და არ ვიცი
რომელი როლისათვის დამადგამს გვირგვინს

დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს

ჩვენს შორის იყო ყველაფერი
და არაფერი,
და ამ უსასრულობით
გაჯერებულ ვეება სამყაროში
დასეირნობდაპატარა და დამფრთხალი ფიქრი.
ჩვენს შორის იყო დრო,
დრო,
რომელიც დიდ დუმილს იტევდა
და ამ დუმილში იყო
ის არაფერი,
რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ერქვა.
დროსა და სივრცეში აცდენილი
ნაფეხურები კი
ჯიუტად ეძებდნენ ერთმანეთს
და ფიქრად ქცეულები,
ჩვენი მოგონებების სამყაროში
დასეირნობდნენ.
ზღვის მლაშე გემო
მთრთოლავ ტუჩებზე
ტოვებდა სათქმელს
და მთვარის ბილიკით
განათებული ზღვა
ზაფხულის ლამაზ და
სიყვარულით სავსე ზღაპარს
უყვებოდა ვარსკვლავებს.
ჰო!ჩვენს შორის იყო ყველაფერი
და არაფერი,
და ამ უსასრულობით
გაჯერებულ ვეება სამყაროში
დასეირნობდა
ნატვრად ქცეული
პატარა და დამფრთხალი ფიქრი.

სველი ნაფეხურები

შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
წარსულს
მოხრილი მხრებით...
დახრილი მზერით...
თვალებში ჩაღვრილი ტკივილით
და დაღეჭილი სიგარეტით...
ჯიბეში კი თითები
ნერვიულად სრესდა
მალბოლოს კოლოფს
შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
ჩვენს შეხვედრას,
როდესაც გაუთავებლად ვლაპარაკობდით
და უთქმელს ვტოვებდითმთავარს
არ ვიცი, რატომ მაგრამ
ეს ორივემ კარგად ვიცოდით
და მაინც...
შენ სიგარეტის კვამლს
აყოლებდი ფიქრს,
მე - ყავის სიტკბოს
და ორივე ვფიქრობდით იმ წუთზე,
როცა ჩვენი ირიბი
და სადღაც ერთ წერტილში
გადაკვეთილი მზერა
გაშიშვლდებოდა და
ჯიბეში ნერვიულად მთრთოლავი თითები
აღარ დასრესდნენ მალბოლოს კოლოფს.
მერე კი....
მერე
ქვაფენილს წყვილად დააჩნდებოდა
ერთადმავალი
ჩვენი სველი ნაფეხურები.

ხომ იცი

ხომ იცი...
ხომ იცი,
სანთლებად აგინთებ სიცოცხლეს,
სანთლებად,
რომლებიც სულ მუდამ იწვიან,
ხომ იცი,
ხატის წინ მუხლმოყრით ვილოცებ,
ვილოცებ და უფალს
დარდს ვეტყვი ფიქრიანს,
რომ სანთლად ავანთე
მე ჩემი ოცნება,
სიბნელეს სარეცელს არასდროს
გავუყოფ,
არაფერს არ ვითხოვ,
მე მხოლოდ ის მინდა,
რომ შენი ღიმილი
პირბადედ მაჩუქო.

воскресенье, 19 октября 2008 г.

ციფერბლატი

ჰო
ყოველთვის ასეა...
ხშირად მაგვიანდება
ერთი წამი,
ერთი წუთი,
ერთი საათი,
ერთი დღე
ჰო,
ყოველთვის ასეა,
ხშირად ვაგვიანებ
ერთი წამით,
ერთი წუთით,
ერთი საათით,
ერთი დღით
და ეს ერთი თავდაყირა აყენებს ყველაფერს
არ ვიცი რატომ
მაგრამ ყოველთვის მრჩება საყვარელი ნივთი იქ,
სადაც ვიყავი და ისევ უნდა დავბრუნდე
და რატომღაც ყოველთვის ვკარგავ ადამიანს
რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია
არ ვიცი რატომ მაგრამ
ჩემი ოცნებები ყოველთვის სრულდება
ერთი წამის,
წუთის,
ერთი საათის,
ერთი დღის
დაგვიანებით
და ხშირად ეს ერთი ძალიან გვიანია
არ ვიცი რატომ მაგრამ ახლა
შენ - ყველაფერი ხარ ჩემთვის,
ის - უკვე არაფერი
და ეს ყველაფერი დღეს ხდება
არცერთი წამის,
არცერთი წუთის,
არცერთი საათის,
არცერთი დღის დაგვიანებით
და ჩემი სადღაც დარჩენილი საყვარელი წიგნი
ახლა შენთანაა უკანდასაბრუნებლად
იქნებ იმიტომ, რომ აღარ დამაგვიანდეს,
ოცნებები დაგვიანებით აღარ ასრულდეს
და ციფერბლატმა
აღარ მამცნოს ჩემი დროის დაგვიანება
ჰო
ყოველთვის ასეა...
ხშირად მაგვიანდება
დაბადებით კი
თურმე ზუსტად
ერთი თვით,
ერთი დღით,
ერთი საათით,
ერთი წუთით და
ერთი წამით ადრე დავიბადე।

понедельник, 6 октября 2008 г.

შენს დუმილს ისე შევეჩვიე...

შენს დუმილს ისე შევეჩვიე, მეშინია რომ ჩვევად არ მექცეს,
შენს სიჩუმეს ისე ვაყურადებ, მეშინია, რომ მე თვითონ ვიქცევი სიჩუმედ
მერე მეც შევკრავ ჩემი ფიქრებისაგან სიჩუმეში შექმნილ კამარას
და სველ ქვაფენილზე ჩემი ფეხისგულები იგრძნობენ, როგორ გაურბიან დუმილით გაჯერებულ დროს
დრო კი ისე ულმობლად გაირბენს, ვერ შევძლებ შევაჩერო და...
ისევ დაგიძახებ,
ისევ დაგელოდები
და თავდახრილი, საკუთარი ფეხის ნაბიჯების ხმას აყოლილი
სველი ქვაფენილის მლაშე სუნს შევისრუტავ,
მოლოდინადქცეული გული კი ნება ნება დაითვლის წამებს.

пятница, 3 октября 2008 г.

მომნატრებიხარო...

მომნატრებიხარო
ჰო, ასე მითხრა და თვალებში ვარსკვლავები აუკიაფდა
ყვითელგულიანებს გავდნენ ეს ვარსკვლავები სევდისფერთვალებში
ჩემი მონატრება უფრო ძლიერიაო, ვუთხარი მე
არაო, ჯიუტად გააქნია თავი...
ზურგსუკან დამალული ხელები ნელა ნელა გაშალა და....
იასამნის ყვავილების სურნელებით გადაწყვიტა ჩემი გაბრუება
მომნატრებიხარო...
ხელებგაშლილი ჩემსკენ წამოვიდა და ნისლივით შემომეხვია
თვალები არ გაახილოო
მითხრა
არ დავუჯერე
და....
ჩემს თავზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აღებდა სარკმელს
ოთახში კი მე და მთვარე ვიყავით მხოლოდ

მომენატრე, ჩემო მეგობარო...

შენი დუმილიც კი მომნატრებია
ნუ მეუბნები სულ მონატრებაზე წერო
მინდა, სულ მონატრების ბილიკებით ვიარო
ჩუმად ვარ და ველი
ზარს ველი
წერილს ველი
სიტყვას ველი
რომელსაც ჟანგბადივით ხარბად შევისრუტავ
ოთახში სიბნელეა და მთვარის მკრთალი შუქი კედელზე მიცოცავს
სიგატერის კვამლი ნელა ნელა მიყვება
ყავა კი ცივია მაგრამ მაინც ხელისგულებს მითბობს
ხელისგულებზე ჩემი სულია ფერფლივით ნაზი და მოფარფატე
შოპენს უკრავენეს ხმა სადღაც ღია სარკმელიდან მოდის
ცაზე ვარსკვალვები იწყებენ ცეკვას
წამწამი წამწამს ედება და ორი ნაკადული პოულობს ერთმანეთს
ჩუმია ღამე დუმილს თანაზიარი

четверг, 2 октября 2008 г.

გახსოვს? სევდისფერთვალება გიწოდე...

გახსოვს? სევდისფერთვალება გიწოდე...
უცნაურია ცხოვრება...
პოულობ და კარგავ
ერთდროულად.
ბედნიერება და უბედურება ფეხშეწყობით დააბიჯებენ...
ეს იქნებ ჩემი ბრალია...
ან იქნებ დასაწყისი?
იქნებ ყველაფრის დასასრული დასაწყისია ახლის და ჯერ შეუცნობლის?
გატეხილი არასოდეს გამთელდება...
არც უნდა გაამთელო...
მაინც ბზარიანია...
ბზარშეპარული კი სამიდამოდ უნდა შემოდო თაროზე და მტვერიც კი არ უნდა გადააცალო...
ხო...იქნებ ასეც ჯობდეს.
დასარული იყოს დასაწყისის დასაწყისი.
ალბათ გაუგებრად ვფიქრობ...
გამგები გაიგებს ვინც უნდა გაიგოს, თუ კი წაიკითხავს.
მითხარი წაიკითხე?
მიმანიშნე

თეთრ საფოსტო მტრედს გამოვატანე შენთან მოსალოცად წერილი
ალბათ მოგიტანს.

ქვაფენილს მლაშე ცრემლის სუნი ასდის
მთვარეს ნაღვლიანი მზერა აქვს

მე უკვე ვიღიმი, რადგან ამ დღემ შენი თავი მაჩუქა....

უძილობა ვიძმე....

ნეტავი თუ წაიკითხე?

воскресенье, 14 сентября 2008 г.

ჩემო სევდისფერო ბედნიერებავ!

ჩემო სევდისფერო ბედნიერებავ!
მითხარი, რომ არ გიყვარვარ....
და იცი რატომ?
ყველას უბედურება მოვუტანე, ვინც კი შემიყვარა
მე კი...
მე კი შენ მიყვარხარ

და

თუ მიიღებ ჩემს სულს, ქარად ქცეულს, გამოგიგზავნი, კარი ფართოდ გაუღე და გულში მოიქციე, მარგალიტის მძივად აასხი თითოეული სიტყვა და ყელზე მომახვიე

გაკვალე გზა და ნუ იფიქრებ იმას, რომ ჩვენ დროში აცდენილები გვქვია

ეს არც ისე რთულია, მაგრამ არც მარტივი

მარტივ მამრავლებად დავყავი გრძნობა, ჩემი გამოგონილი სამყარო, რომელიც შენად ვაქციე, ცხრაკლიტულში გამოგკეტე სხვებისათვის ვერშესახებად

ფიქრი დავყავი, დავანაწევრე, დავაქუცმაცე ვერწასაკითხად და მხოლოდ შენთვის ამოსაცნობად

ჰო!თუ მიიღებ ჩემს სულს ქარად ქცეულს, გამოგიგზავნი, კარი ფართოდ გაუღე, გულში ჩაიკარი და არსად გაუშვა...

მას შენ სჭირდები

вторник, 26 августа 2008 г.

გარეთ წვიმა ჩემს ფანჯრებზე ბადეს ხატავს

გარეთ წვიმა ჩემს ფანჯრებზე ბადეს ხატავს,
უცნაურს და აბლაბუდის ქსელის მაგვარს,
ამ ბადეში შენზე ფიქრის წვეთებია ჩახლართული,
ერთმანეთში გადახლართულ ვნებიანი ხელის მსგავსად,
მომიქსოვე, მომიქსოვე წვიმავ ფარდა
რომ ჩავიცვა, მოვიხვიო ტანზე და კვლავ
მოვეფერო მთრთოლავ ხელით ფიქრის წვეთებს
მარგალიტად აკინძულებს ჩემს ფანჯრებზე
შენს მოლოდინს ჩაუმუხლავს სარკმლის მიღმა ....
უცნაური სიჯიუტით ბადეს ხატავს ცელქი წვიმა,
და მე ასე მოლოდინად ქცეულ გულით
ვეფერები შენზე ფიქრით შექმნილ მირაჟს

четверг, 21 августа 2008 г.

***
იქნებ არ უნდა მეთქვა?
და ჩემი მფეთქავი გულიარ უნდა მომექცია
შენს ხელისგულში
რომელიც ისეთი ცივი იყო
რომ
გულს გაუჭირდა მისი შეხება
და ფეთქვა შეწყვიტა

четверг, 10 июля 2008 г.

სულის თავისუფლება

თავსხმა წვიმაში მივდიოდი.
ქარი სახეში მაყრიდა წვეთებს.
არსად მეჩქარებოდა
ამიტომ არც ვჩქარობდი.
გაწუწულ ბეღურას ვგავდი ალბათ.
ფანჯრებიდან წამოსული გაოცებული მზერა მიწვავდა ბეჭებს.
არავინ იყო ჩემს მეტი.
გიჟიაო, ფოქრობდნენ ალბათ.
მე კი არად ვაგდებდი ამ მზერას.
მივდიოდი და ბოთლში ჩამწყვდეულ ჯინზე ვფიქრობდი...
იმ ჯინზე, ყველა ჩვენგანს რომ ჰყავს, ყველა ჩვენგანში რომ სახლობს...
ყველა როდი უშვებს ჯინს ბოთლიდან.
იქნებ იმიტომ, რომ ყველა ჯინი სურვილებს არ ასრულებს
ან იქნებ იმიტომ, რომ გვირჩევნია ჩაკეტილი გვყავდეს.
მეც მყავს ბოთლსი ცამწყვდეული ჯინი.
იმ ჯინში მე ვარ
ის მე - ახლა წვიმაში რომ მიაბიჯებს
მერე არ რომ გიჟი გონიათ.
მე ჩემი ჯინი მიყვარს.
აი, გადაიღებს წვიმა, მზე გამოვა, ქუჩა ხალხით აივსება და მე აღარ ვიქნები მე.
გამახსენდება, რომ არ შეიძლება გაოცებულ მზერას ანგარიში არ გაუწიო
გამახსენდება, რომ აუცილებლად უნდა ვიყო დილის 10 საათზე სამსახურში, მანამდე კი საუზმე უნდა დავტოვო მაგიდაზე. მერე როგორც წესი, ტელეფონის ზარებს უნდა ვუპასუხო თავაზიანი ხმით და თან არ უნდა დავივიწყო, რომ სახლში შვილები, ვახშამი და სარეცხი მელოდება.
ვალდებულებების მთელი სია...
მე კი ჩემი ჯინი მიყვარს
ჩემი ჯინი ჩემი სულია
ბოთლში გამომწყვდეული, რომელიც იშვიათადაა თავისუფალი.
და მართლაც...
როდისაა სული თავისუფალი
ან იქნებ თავისუფლება იმიტომ მოვიგონეთ, რომ არასოდეს ვიყოთ თავისუფალი.
მხოლოდ ქარში, წვიმიან ამინდში უფერულ ქუჩაში მოხეტიალე ვგრძნობ, რომ ჯინი ბოთლიდან ამოვიდა...ჩჶმტან ერთადაა და პეშვშში ვიგროვებ წვიმას, ასე მგონია მუდამ ჩემთან იქნება.

вторник, 8 июля 2008 г.

მარტოდარჩენილი ფიქრი

ჰო, მიყვარდა, აბა არ მიყვარდა?!
მერე სადღაც გაილია, გაქრა ეს სიყვარული ისე ჩუმად, რომ ვერც კი გავიგე.
რატომ?
არ ვიცი...
ვიცი ის რომ აღარაფერი დარჩა, სულ არაფერი...
იქნებ იმიტომ რომ სიყვარული ყვავილივითაა, მუდმივი მოფერება უნდა, ნაღვერდალია, მუდმივად რომ უნდა უბერო სული, რათა არ ჩაქრეს. ჩრდილში არ უნდა ამყოფო, რომ სხვისი ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივს არ გაჰყვეს სითბოს მონატრებული.
ჰო, მიყვარდა, აბა არ მიყვარდა?
რატომ მეუბნები ასე.
დიდხანს ვაფათურე ხელი ჩემი გულის კუნჭულებში, იქნებ მონატრებას მაინც მივაგნოვო...
აღარც ის დამხვდა...
ასე როგორ ჩააქრე ის ცეცხლი, ასე რომ გწვავდა.
მიტოვებულ და გაციებულ კერას დამსგავსებია გული
გული-ჩემი თავშესაფარი

დღეს მე საკუთარი წარსული დავასაფლავე

რატომღაც მომინდა, შენთვის მომეყოლა იმ დღეებზე, როცა დამეკარგე
და როცა სულში ნისლივით შემოვიდა სევდისფერი შემოდგომა, წვიმიანი მანტია მოისხა ფიქრმა გამხმარი ხესავით და გულის ერთ კუნჭულში შეიყუჟა.
აღარ იყო დილა და აღარ იყო ღამე.
იყო უშენობით სავსე თეთრი ფურცლები, რომლებსაც ვერაფრით ვავსებდი.
მინდოდა ცისარტყელას ფერები დამეხატა
პეშვშში ვიქცევდი წვიმას...
მეგონა ჯადოსნურ სარკედ ვაქცევდი, რომელიც შენსკენ მომავალ ბილიკს მიმასწავლიდა.
ვერა და ვერ დავხატე ცისარტყელა
ვერც პეშვშში მოვიქციე წვიმა
და შენც დამეკარგე, ნისლს შეერიე და შეესისხლხორცე...
მერე საკუთარი თავიც დავკარგე
ასე მეგონა, მე კი არა, სულ სხვა ქალს უყვარდი
და შემეშინდა სარკეში ჩახედვის
რადგან იქ მხოლოს ყინულის თვალებს დავინახავდი.
ცხოვრებაში პირველად შემეშინდა საკუთარი თავის და ნამსხვრევებად ვაქციე სარკე.
ჰო! რატომღაც მომინდა, ეს ყველაფერი მომეყოლა შენთვის...
და რომ მოგიყვე, ნეტავი თუ მომისმენ?
-----------------------------------------------
დღეს მე საკუთარი წარსული დავასაფლავე
და ქვაც კი არ დავადე, რომ თავი არ შემახსენოს

ბავშვობის გახსენება

მტრედისფერი ღრუბლის ქულა
დაეშვება ძირს,
ბავშვობა რომ აღარ მოვა,
მწყინს,
მიფარფატებს ნელა წლები,
წვიმს,
მოგონებებს ფიქრის ბადე სცრის
და ბავშვობის დღენი მძიმედ
დაეშვება ძირს,
პატარა რომ აღარ მქვია
მწყინს.
წვიმს, წვიმს, წვიმს,
წვეთები მიჰყვება ფიქრს,
ჩემთან რომ ვეღარ მოხვალ
მწყინს, მწყინს, მწყინს.
ქრის, ქრის, ქრის,
მოგონებები ქრის,
ბავშვობის ლამაზი სევდა
მღლის, მღლის, მღლის,
პატარა რომ აღარ მქვია
მწყინს.

четверг, 3 июля 2008 г.

დიდიას

ფიქრმა მომიყვანა
თეთრმა , ნისლისფერმა,
ფანჯარაზე მთვარე ღამეს ხატავს, წვიმა კი კაბას ქსოვს და ქუჩებს აცმევს
ოთახში სიმყუდროვეში სანთელი იწვის
და სარკიდან მომზირალი დიდი და წყლიანი თვალები ბავშვობის სიზმარს ყვებიან.
გახსოვს?
კი მახსოვს...
შუაცეცხლს მიფიცხებული ცოცხალი საუკუნე დამჭკნარი, ნაჯაფი ხელებით და გვალვისაგან დახეთქილი მიწისებური სახით, ღრმად ჩამჯდარი თვალებით
ის მიმავალი...
შენ მომავალი...
გახსოვს?
კი მახსოვს.
და მენატრება ის შუაცეცხლი,ნაცარში შეყრილი ჭყინტი სიმინდი,მთვარიანი ღამე
და ხსოვნაში ჩაბუდებული წლები...
კიდევ მომიყევი რამე...
ხის პატარა ქოხზე,
ყანაში წასულ ქმარზე, ომიდან არდაბრუნებულ შვილზე, კეცში gამომცხვარ მჭადზე და ავყია მეზობელზე "თქვე გაუცრელი მჭადის ფქვილით გამოზრდილებოო", შენს შვილებს რომ მიაძახებდა ხოლმე.
იმ პატარა ნაკადულზე მომიყევი, შენი ხის სახლის გვერდით რომ ჩამოდიოდა და რაკრაკით გივსებდა კოკას, ყველა დილა რომ ესაუბრებოდი და ეფერებოდი მის ნაპირას გაშლილ ყვავილებს
და იცი რა მინდა?
კიდევ მოვისმინო შენი ჩუმი და ტკბილი ხმით ნამღერი ნანა და დილის ლოცვა: ღმერთო, გამიმრავლე ჩემი ერთაო!
სული შემიგუბდა თითქოს..
გარეთ წვიმს და აწვიმს შენს საფლავს,
მე კი შენს სურათს ვესაუბრები...
ვიცი მომისმენ.

ჩემს ძვირფას მამას

მე შენ მახსოვხარ ჭურის თავზე დამჯდარი ჯამით
და ვაზის ძირში ჩამუხლული ვით ქანდაკება,
მე შენ მახსოვხარ თოხით ხელში ყანას წასული,
წამით შემდგარი შუბლზე ოფლის შესამშრალებლად.
მე შენ მახსოვხარ ნაჯაფარი და გადაღლილი,
მაგრამ არასდროს გამიგია წუწუნი შენგან,
რა დამავიწყებს შემოდგომით სავსე შენს თვალებს,
ჩუმი ტკივილით გამოწვეულ შენს ლამაზ სევდას.
გაიღებოდა ეზოს კარი ჭრიალით როცა
ვიცოდი, მამა, მოდიოდი მხნედ და ძალუმად,
ახლა კი ნეტავ რა იპოვა სიბერემ შენში
რომ მოგტეხა და ასრერიგად დაგაძაბუნა.
მამა, ძვირფასო, მოდი ერთად ვებრძოლოთ მაგ წლებს,
რომ კვლავ მახსოვდე მხიარული და ვაჟკაცური,
ისეთი, როგორც დაგინახე ვით ქანდაკება
ვაზის ძირებთან ჩამუხლული, შუბლდაცვარული.

გარეთ ქარი მიტოვებულ აჩრდილივით დაძრწის

გარეთ ქარი მიტოვებულ აჩრდილივით დაძრწის,
მიბაკუნობს ქვაფენილზე თავშიშველი წვიმა,
გელოდები. . . და ემჩნევა ჩემს ღაწვს ორი ხაზი,
ამ თავსხმაში მგზავრმა ჩუმად ჩემზე გაიცინა.
ელოდები. . . იღვენთება სანთელივით წვეთი,
და ფოთლები მონანაობს ციდან დაბლა, დაბლა,
ამ ქუჩაში არვინ არის ჩემთან წვიმის მეტი,
შენზე ფიქრი როგორც ელვა ცაზე გაიხაზა.
ჩაიარე ჩემი გულის კარიბჭესთან ფრთხილად,
მოციქულად მომიგზავნე თავშიშველი წვიმა.
გარეთ ქარი მიტოვებულ აჩრდილივით დაძრწის -
ვინ რა იცის, წვიმის წვეთმა რაზე გაიცინა.
გარეთ ქარი მიტოვებულ აჩრდილივით დაძრწის
და ფოთლები მონანაობს ციდან დაბლა, დაბლა,
გელოდები. . . დამისველდა ცრემლის წვიმით ღაწვი,
შენზე ფიქრი, როგორც ელვა ცაზე გაიხაზა.
გელოდები. . . მობაკუნობს ქვაფენილზე წვიმა,
ამ თავსხმაში მგზავრმა ჩუმად ჩემზე გაიცინა

вторник, 1 июля 2008 г.

მედარდები

ვერ ვიძინებ იმიტომ,
რომ შენზე ვფიქრობ.
შენზე ვფიქრობ იმიტომ,
რომ მენატრები.
მენატრები იმიტომ,
რომ კარგი ხარ და...
კარგი ხარ და
უსაშველოდ მედარდები.
მედარდები იმიტომ,
რომ ძლივს გიპოვე.
გიპოვე და,
დასაკარგად მენანები.
მოდი ჩემთან,
შემოაღე გულის კარი...
მონატრებავ,
უსაშველოდ მენატრები.

ისე მიყვარდი, ვეღარ შევძელი ამ სიყვარულის მხრებით ტარება

ისე მიყვარდი, ვეღარ შევძელი ამ სიყვარულის მხრებით ტარება და ჩავიმუხლე ჩვენი სიყვარულის კარიბჭესთან,
ტუჩებით შევეხე მიწას და ისევ შენი სახელი ჩავჩურჩულე...
კარი ყრუ იყო და შეუვალი.
შენი გულივით.
ფიქრმა ვეღარ იპოვა მდინარის სათავე, რომ მის ტალღებზე აგორებულს შენამდე მოეცურა
ოცნების კოშკსაც საძირკველი გამოსცლოდა თითქოს.
ფიქრი ზღვასავით ღელავდა ჩემში და სათქმელი ვერ თუ არ წყდებოდა ბაგეს.
მხოლოდ ვლოცულობდი,
ჩუმად
შენთვის
ჩემთვის
ჩვენთვის.
გაგიკვირდა?
ჰო, ისე მიყვარდი, ვეღარ შევძელი ამ სიყვარულის მხრებით ტარება და შენს ჭიშკართან მოვედი დაღლილი მგზავრი.
შენ კი არც კი გიცდია კარის გაღება აღარ გააღე ერთხელ დახურული კარი
რომლის დახურვა არც შენ გინდოდა.
და მეც უსიტყვოდ ჩუმად წამოვედი
ჩვენს სიყვარულზე მლოცველი მგზავრი
ჰო
ისე მიყვარდი, ვეღარ შევძელი ამ სიყვარულის მხრებით ტარება და ჩავიმუხლე ჩვენი სიყვარულის კარიბჭესთან,
ტუჩებით შევეხე მიწას და ისევ შენი სახელი ჩავჩურჩულე...
კარი ყრუ იყო და შეუვალი.
შენი გულივით.
და მე ისევ ვლოცულობდი ჩუმად
შენთვის
ჩემთვის
ჩვენთვის
იქნებ ამ ლოცვას მაინც მოეღწია შენამდე....

დე...მინდა გელაპარაკო

დილა გათენდა
და მინდა გელაპარაკო
სარკეში არეკლილ სულზე
გზაგამოვლილ და გადაღლილ ფიქრზე.
ჰო ფიქრიც იღლება
არ გჯერა?
სული რომ მძიმდება, ფიქრი იღლება და ჩამუხვლას ცდილობს
და ვაი მას, თუ ჩასამუხლი ვერ იპოვა.
აი მაშინ კი ცრემლად იღვრება.
ლაბირინთად დაიქსაქსა ჩემი სავალი გზა,
აღარც თავი აქვს და არც აღარც ბოლო.
დე…მომენატრე
შენ ხომ ყოველთვის სიმშვიდე გედგა თვალებში
ახლა კი ისეთი სევდაა, მხოლოდ შენთვის რომაა ნაცნობი
რატომ მომიხუცდი დე…
დამაბრუნე ბავშვობაში და შენს მხიარულ თვალებში ჩამისახლე
ტკივილი რომ აღარ ვიგრძნო.
დე…შენთან თავს მშვიდად ვგრძნობ, არ მიმატოვო
მტკივნეულია როცა გტოვებენ და მხოლოდ ნათელ ან ბნელ ლაქად რჩები ცხოვრებაში
ნეტავი ჩემი წასვლა თუ ეტკინება ვინმეს?
არა დე…შენზე არ ვამბობ, შენ ჩემი წასვლით არ გატკენ გულს.
მინდა გელაპარაკო...
მხოლოდ შენ გამიგებ.
დე…
არ მიმატოვო, მჭირდები!

გვირილას ფურცლები

წუხელის სარკეში ჩავიხედე და დაგინახე. შენ ჩემს წინ იდექი დატუქსული ბავშვივით, ხელში გვირილა გეჭირა და მის ფურცლებს ადევნებდი ფიქრს: “ვუთხრა? არ ვუთხრა? ვუთხრა!” გვირილას ფურცლები, შენს ბაგეს კი სიტყვები სწყდებოდა და ნელ-ნელა უხილავ სივრცეში იკარგებოდა. ვხედავდი, როგორ ცვიოდა ძირს გვირილას თეთრი და ნაზი ფურცლები, შენი სული კი შიშვლდებოდა და უსახური ხდებოდა. მერე მე მიწაზე დაყრილი გვირილას დამჭკნარი ფურცლები შევაგროვე და გულში ჩავიხუტე, მოვეფერე, შენს გაყინულ სულს კი ვეღარაფერი ვუშველე, ვეღარ ავკრიფე შენი ბაგიდან მოწყვეტილი ყინულივით ცივი სიტყვები: “ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით, რადგან თავისუფალი მინდა ვიყოვო!” - გვირილას ფურცლებივით! ხო! წუხელის სარკეში ჩავიხედე და შენ დაგინახე! არა! ვტყუი! ჩემი თვალები დავინახე: ფართოდ გახელილი და ცრემლიანი, რომელშიც შენ იყავი. ეს ალბათ მაშინ ჩასახლდი და ჩაიკირე მათში, როცა დამნაშავე ბავშვივით იდექი ჩემს წინ, გვირილას ფურცლებს აწყვეტდი და . . . ჩემგან მიდიოდი! ის გვირილა მე ვიყავი!