вторник, 1 июля 2008 г.

ისე მიყვარდი, ვეღარ შევძელი ამ სიყვარულის მხრებით ტარება

ისე მიყვარდი, ვეღარ შევძელი ამ სიყვარულის მხრებით ტარება და ჩავიმუხლე ჩვენი სიყვარულის კარიბჭესთან,
ტუჩებით შევეხე მიწას და ისევ შენი სახელი ჩავჩურჩულე...
კარი ყრუ იყო და შეუვალი.
შენი გულივით.
ფიქრმა ვეღარ იპოვა მდინარის სათავე, რომ მის ტალღებზე აგორებულს შენამდე მოეცურა
ოცნების კოშკსაც საძირკველი გამოსცლოდა თითქოს.
ფიქრი ზღვასავით ღელავდა ჩემში და სათქმელი ვერ თუ არ წყდებოდა ბაგეს.
მხოლოდ ვლოცულობდი,
ჩუმად
შენთვის
ჩემთვის
ჩვენთვის.
გაგიკვირდა?
ჰო, ისე მიყვარდი, ვეღარ შევძელი ამ სიყვარულის მხრებით ტარება და შენს ჭიშკართან მოვედი დაღლილი მგზავრი.
შენ კი არც კი გიცდია კარის გაღება აღარ გააღე ერთხელ დახურული კარი
რომლის დახურვა არც შენ გინდოდა.
და მეც უსიტყვოდ ჩუმად წამოვედი
ჩვენს სიყვარულზე მლოცველი მგზავრი
ჰო
ისე მიყვარდი, ვეღარ შევძელი ამ სიყვარულის მხრებით ტარება და ჩავიმუხლე ჩვენი სიყვარულის კარიბჭესთან,
ტუჩებით შევეხე მიწას და ისევ შენი სახელი ჩავჩურჩულე...
კარი ყრუ იყო და შეუვალი.
შენი გულივით.
და მე ისევ ვლოცულობდი ჩუმად
შენთვის
ჩემთვის
ჩვენთვის
იქნებ ამ ლოცვას მაინც მოეღწია შენამდე....

Комментариев нет: