четверг, 3 июля 2008 г.

დიდიას

ფიქრმა მომიყვანა
თეთრმა , ნისლისფერმა,
ფანჯარაზე მთვარე ღამეს ხატავს, წვიმა კი კაბას ქსოვს და ქუჩებს აცმევს
ოთახში სიმყუდროვეში სანთელი იწვის
და სარკიდან მომზირალი დიდი და წყლიანი თვალები ბავშვობის სიზმარს ყვებიან.
გახსოვს?
კი მახსოვს...
შუაცეცხლს მიფიცხებული ცოცხალი საუკუნე დამჭკნარი, ნაჯაფი ხელებით და გვალვისაგან დახეთქილი მიწისებური სახით, ღრმად ჩამჯდარი თვალებით
ის მიმავალი...
შენ მომავალი...
გახსოვს?
კი მახსოვს.
და მენატრება ის შუაცეცხლი,ნაცარში შეყრილი ჭყინტი სიმინდი,მთვარიანი ღამე
და ხსოვნაში ჩაბუდებული წლები...
კიდევ მომიყევი რამე...
ხის პატარა ქოხზე,
ყანაში წასულ ქმარზე, ომიდან არდაბრუნებულ შვილზე, კეცში gამომცხვარ მჭადზე და ავყია მეზობელზე "თქვე გაუცრელი მჭადის ფქვილით გამოზრდილებოო", შენს შვილებს რომ მიაძახებდა ხოლმე.
იმ პატარა ნაკადულზე მომიყევი, შენი ხის სახლის გვერდით რომ ჩამოდიოდა და რაკრაკით გივსებდა კოკას, ყველა დილა რომ ესაუბრებოდი და ეფერებოდი მის ნაპირას გაშლილ ყვავილებს
და იცი რა მინდა?
კიდევ მოვისმინო შენი ჩუმი და ტკბილი ხმით ნამღერი ნანა და დილის ლოცვა: ღმერთო, გამიმრავლე ჩემი ერთაო!
სული შემიგუბდა თითქოს..
გარეთ წვიმს და აწვიმს შენს საფლავს,
მე კი შენს სურათს ვესაუბრები...
ვიცი მომისმენ.

Комментариев нет: