понедельник, 24 ноября 2008 г.

თამაში

ჩვენ ყოველ დილით სარკის წინ ვირგებთ როლს
და თამაშს ვიწყებთ,
ვთამაშობთ და ვცდილობთ სარკეს არ ჩავხედოთ
თვალებში
მთელი ცხოვრება ნიღაბმორგებულები ვთამაშობთ შვილს
და არ გვინდა უძღები გვიწოდონ,
მეგობარს
და ხშირად თვალს ვარიდებთ -
არც ისე ადვილია,
დას
და ვცდილობთ სიყალბის გარეშე
მისი თვალებით ვუყუროთ სამყაროს,
ვთამაშობთცოლს
და ვგრძნობთ, რომ
დადგენილი თამაშის წესებს ვარღვევთ,
ხშირად არც ვნანობთ -
და ეს
არც ისე ძნელია
ვთამაშობთდედას
და გვინდა თბილ უბეში გამოვაზამთროთ შვილი,
ვთამაშობთ
საყვარელს,
რომელიც არასოდეს გვყოლია,
შეყვარებულს
რომელიც წარსულს დავუტოვეთ,
მორიგეობით ვირგებთ ერთგულების და ღალატის
ნიღაბს
და ხშირად გვეშინია მისი ჩამოხსნის -
არ გაგვაშიშვლონ
რადგან საკუთარი თავის თამაში
ძალიან ძნელია
ხშირად ვმათხოვრობთ
და ამ ცხოვრებას სიყვარულს ვემათხოვრებით
სიძულვილით შეპყრობილები
ჰო!
ცხოვრებამ ბევრი როლი გვარგუნა
და ქუჩის ლაბირინთებში მიმავლები ვცდილობთ
არ ჩავიხედოთ ქვაფენილის დიდ თვალებადქცეულ წვიმის გუბეებში,
გვეშინია საკუთარი თავის დანახვის,
რომელსაც ხშირად ფეხს ვაბიჯებთ
ცხოვრება - ჩემი რეჟისორია
და არ ვიცი
რომელი როლისათვის დამადგამს გვირგვინს

დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს

ჩვენს შორის იყო ყველაფერი
და არაფერი,
და ამ უსასრულობით
გაჯერებულ ვეება სამყაროში
დასეირნობდაპატარა და დამფრთხალი ფიქრი.
ჩვენს შორის იყო დრო,
დრო,
რომელიც დიდ დუმილს იტევდა
და ამ დუმილში იყო
ის არაფერი,
რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ერქვა.
დროსა და სივრცეში აცდენილი
ნაფეხურები კი
ჯიუტად ეძებდნენ ერთმანეთს
და ფიქრად ქცეულები,
ჩვენი მოგონებების სამყაროში
დასეირნობდნენ.
ზღვის მლაშე გემო
მთრთოლავ ტუჩებზე
ტოვებდა სათქმელს
და მთვარის ბილიკით
განათებული ზღვა
ზაფხულის ლამაზ და
სიყვარულით სავსე ზღაპარს
უყვებოდა ვარსკვლავებს.
ჰო!ჩვენს შორის იყო ყველაფერი
და არაფერი,
და ამ უსასრულობით
გაჯერებულ ვეება სამყაროში
დასეირნობდა
ნატვრად ქცეული
პატარა და დამფრთხალი ფიქრი.

სველი ნაფეხურები

შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
წარსულს
მოხრილი მხრებით...
დახრილი მზერით...
თვალებში ჩაღვრილი ტკივილით
და დაღეჭილი სიგარეტით...
ჯიბეში კი თითები
ნერვიულად სრესდა
მალბოლოს კოლოფს
შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
ჩვენს შეხვედრას,
როდესაც გაუთავებლად ვლაპარაკობდით
და უთქმელს ვტოვებდითმთავარს
არ ვიცი, რატომ მაგრამ
ეს ორივემ კარგად ვიცოდით
და მაინც...
შენ სიგარეტის კვამლს
აყოლებდი ფიქრს,
მე - ყავის სიტკბოს
და ორივე ვფიქრობდით იმ წუთზე,
როცა ჩვენი ირიბი
და სადღაც ერთ წერტილში
გადაკვეთილი მზერა
გაშიშვლდებოდა და
ჯიბეში ნერვიულად მთრთოლავი თითები
აღარ დასრესდნენ მალბოლოს კოლოფს.
მერე კი....
მერე
ქვაფენილს წყვილად დააჩნდებოდა
ერთადმავალი
ჩვენი სველი ნაფეხურები.

ხომ იცი

ხომ იცი...
ხომ იცი,
სანთლებად აგინთებ სიცოცხლეს,
სანთლებად,
რომლებიც სულ მუდამ იწვიან,
ხომ იცი,
ხატის წინ მუხლმოყრით ვილოცებ,
ვილოცებ და უფალს
დარდს ვეტყვი ფიქრიანს,
რომ სანთლად ავანთე
მე ჩემი ოცნება,
სიბნელეს სარეცელს არასდროს
გავუყოფ,
არაფერს არ ვითხოვ,
მე მხოლოდ ის მინდა,
რომ შენი ღიმილი
პირბადედ მაჩუქო.