понедельник, 30 ноября 2009 г.

დაგვიანებული ნაბიჯი /წერილები ე-ლენს/

თვალები ეხუჭებოდა, თრიაქმოწეულივით,
ტუჩებზე სიმშრალეს გრძნობდა,
ალბათ სიგარეტის გამო...
ბევრს ეწეოდა....
ხოჭოებივით ესეოდნენ ფიქრები,
ფეხარეული დააბიჯებდა ცხოვრების ლაბირინთებში
და საკუთარ თავს ეძებდა,
რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგა....
ბედთან შერიგებული ოციოდე კვადრატულ მეტრ ბნელ ოთახში გამოკეტილი ცხოვრობდა....
ცოტა ეძინა და ბევრს ფიქრობდა....

იმ დილას კი, თვალები რომ გაახილა, პირველი რაც იყო მზის სხივი დაინახა....გაუკვირდა, ვერ მიხვდა, როგორ შემოაღწია მზის სხივმა მის ბნელ ოთახში, თვალი აარიდა და კედლისკენ გადაბრუნდა, ცხვირში არყის სუნი იგრძნო, სხეული საშინლად ქონდა დამძიმებული, პირი გამშრალი....

იატაკზე ვისკის ცარიელი ბოთლი შენიშნა...
საშინლად მოუნდა თუნდაც ერთი წვეთი მათრობელა სითხე,
და სიგარეტი,
მერე ერთი ჭიქა ყავა

ე-ლენი გაახსენდა...

მისი სხეულის სითბო ისე ცხადი იყო რომ მზის სხივს თვალი გააყოლა, ასე ეგონა მასთან ერთად შემოვიდა ელენი.

ხელის ფათურით სიგარეტს დაუწყო ძებნა...ვერ ნახა, ოთახში საშინელი არეულობა სუფევდა, ისეთი, როგორიც მის ფიქრებსა და სულში.

მონოტონური ზუმერი მოესმა, უკვე მერამდენედ, აღარ ითვლიდა, აღარც პასუხობდა...გაურბოდა იმას, ვისთანაც ყველაზე ახლოს სურდა ყოფნა.

დამძიმებული სხეული ძლივს გადმოიტანა საწოლიდან, თმების გასწორება არც უცდია, არც ამოღამებული თვალებისათვის სურდა სიცოცხლის მიცემა, ვისკი უნდოდა, დათრობა და გონებიდან ყველა სატკივარის წაშლა...

არ გამოსდიოდა...

საწერ მაგიდასთან მივიდა, ეს ერთადერთი ადგილი იყო - მხოლოდ მისთვის გასაგები სიმშვიდის თუ სიმარტოვის კუნძული...

და მიხვდა, რაც აწვალებდა...

კუთხეში ობლად მიტოვებულ ფურცლებს გაურბოდა....

ყველა ფურცელი წარსული დღეების ქრონოლოგია იყო, ვერგამხელილი და გაუგზავნელი წერილები, რომელსაც ადრესატი ელოდა:

მინდა მოგწერო და თან არ მინდა, რადგან არ ვიცი რა დავარქვა ამ ჩემს წერილებს: შენზე ფიქრები თუ გაუმხელელი სიყვარულის ქრონიკა ე ლ ე ნ !

ფიქრი პირველი

უკვე მერამდენედ გწერ გონებაში ფრაზებად დალაგებულ წერილებს...
უკვე მერამდენედ ვწერ ლექსებად დაწერილ წერილებს...
მერე კი თაროზე ვალაგებ და კალენდარს ფურცელს ვახევ...
კიდევ ერთ უშენო დღეს
ელენ!

ფიქრი მეორე

ჩემს ცისფერ ეკრანზე გამალებით ვეძებ შენს სახელს
ვეძებ და ვპოულობ...
ვიცი, რომ ელი ჩემს წერილს...
მაგრამ არ იცი, რამდენმა ქაღალდმა დაიტია შენზე ფიქრები,
რამდენმა ღამემ შეისრუტა ჩემი მონატრება შენზე.
მე კი ახლა გხედავ და გაგირბივარ...
ვიცი, ამ გაქცევასაც, ისე როგორც ბევრ უჩემო დღეებს, გაიგებ...
საყვედურს არ მეტყვი...მე კი სამაგიეროდ ვერაფერს დაგპირდები.

საშინელი კაცი ვარ ელენ...
ტელეფონის ნომერი მოგწერე, დაგირეკავო დაგპირდი...დიდი დრო გავიდა ამ დაპირებიდან, ვერ თუ არ შეგისრულე,... შენს თაფლისფერ თვალებში იმდენ სითბოს ვხედავ, მეშინია, იმედი არ გაგიცრუო შეხვედრით...

შენ კი მწერ...

„ხშირად ვფიქრობ...
ვფიქრობ იმ გზაზე, რომელსაც ნელა ნელა ვკვალავ შენსკენ,
დრო მიდის, გზა კი არ სრულდება,
ფიქრებად იკინძება ყველა დილა შენზე მონატრება,
სიგარეტის კვამლს მიჰყვება და უსასრულობაში იფანტება...
არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია რომ შენც ამ გზას მოჰყვები
ჩუმად, ფიქრდაღლილი და ....
არაფერს იმჩნევ,
იქნებ არ გინდა შეიმჩნიო?
და მეც ვჩუმდები,
ზოგჯერ სიტყვები არაფრისმთქმელია...
ჩუმად ვარ
და...
ხომ არ გაგიკვირდა?
ჰო! ეს ტკივილია,
უჩვეულო ტკივილია ერთ ჩვეულებრივ ქალთან
რომელმაც საკუთარ თავში ჩაკეტა თავი და უბრძანა, არასოდეს გაეღო კარიბჭე იმ სასახლის, რომელიც ასე რუდუნებით ააშენა,
უბრძანა ცივი და სასტიკი ყოფილიყო და მზე აღარ მოექცია ხელისგულებში, რომლის სითბოც ასე ენატრებოდა,
საკუთარ სულში ჩაკეტა სული ქვადქცეული და ...
ყველა დილა ქარს ეგებება ღაწვზე დამჩნეული ცრემლის ნაკადულის ამოსაშრობად.
ჩვენ ხომ დროში აცდენილები გვქვია,
ეს ჩემი ტკივილია.....
და მე მარტო ვარ შენით სავსე უშენობაში.“

მწერ და მე შეუმჩნევლად ვკითხულობ ელენ!

და ტელეფონის ცისფერ ეკრანზე შენს სახელს ვხედავ...
გაყინული თვალები ერთ წერტილს პოულობენ შორს სადღაც, ფანჯრის მიღმა...იქ ხომ შენ ხარ, მდუღარე და სიცოცხლით სავსე ქალაქში, თავდახრილი მიაბიჯებ ქვაფენილზე, იმედგაცრუებული უპასუხო ზარით, ცრემლებს უბეში მალავ...
არა...მე აუცილებლად დაგირეკავ, გპირდები ელენ.

ფიქრი მესამე

„არ მინდა გული გატკინო,
სიტყვებს ცრემლებად ვყინავ
და სულში ვაბრუნებ....
სადა ხარ?
შიშველი სხეული შენმა მონატრებამ
ვენებად დახაზა
და ხელისცეცებით მივყვები ბილიკებს
ეულად კარდაკარ,
შენ ღიმილს მპირდები...
გიჯერებ,
ვმშვიდდები
ხანდახან.“

შენი ეს სიტყვები დილის ფიქრს შემოჰყვა ელენ!....
ჩემი შეპირებიდან რა დიდი დრო გასულა, მე კი ღამეს დაძმობილებული შენზე ფიქრებს ლექსებად ვკინძავ და თაროზე ვაწყობ, საოცარი ადამიანი ხარ, ელენ. შენ ჩემში იმედის და სიყვარულის სხივი შემოიტანე, ჩემი მარტოობის ოთახი ლამაზი ფერებით აავსე და ცხოვრება სულ სხვანაირი სახით დამანახე, ელენ...მინდა არასოდეს წახვიდე ჩემგან...

ფიქრი მეოთხე

მე ყოველდღიურად გწერ და მერე იმ ფურცლებს ვხევ, მერე ფანჯარას ვაღებ და ქარს ვატან...
ვიცი, ძნელია ჩემნაირი კაცის სიყვარული, ელენ!
მე ხომ საკუთარი თავისაც აღარ მჯერა...
ეს შენ მეუბნები, რომ საოცრად კარგი ვარ...ალბათ იმიტომ რომ გიყვარვარ
და რომ იცოდე თუ რა საშინელი ადამიანი ვარ, ნეტავი ისევ თუ გეყვარებოდი?

წერილი მეხუთე

დღეს შენს თვალებში წავიკითხე მთელი სიმართლე ჩემზე...
შენ მკითხე: რას გააკეთებდი ნატვრისთვალი რომ გქონდესო..
მე გიპასუხე: ხელს მოგკიდებდი და შორს წაგიყვანდი აქედანო.
ვიგრძენი როგორ აკიაფდა შენს თვალებში გაოცების და სიხარულის ვარსკვლავი..
მერე ვინანე...არ უნდა მომეცა იმედი შენთვის.
მაპატიე.
შენ კი დამშვიდობებისას თვალებში ჩამხედე და მშვიდად მითხარი:
მე შენ ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარო და ყურში ჩამჩურჩულე:

„ვერ შევეჩვიე უშენობის ფერმკრთალ საათებს
ან იქნებ დღეებს სავსეს შენი სიცარიელით,
ვერ შევეჩვიე
წუთებს, როცა
ჩემთან ახლოს ხარ
და შენი სუნთქვა ისე ხშირი
ისე ძლიერი
გადმოდის ჩემში როგორც ვნება
შენი სურვილის,
თვალებს დაბლა ვხრი,
არ მინდა რომ მათში ჩამხედო
და დაინახო გადახსნილი გულის სარქველი....
ვერ შევეჩვიე უშენობას,
ვერც დღეებს როცა
სავსე ვარ შენით
და შენივე სიცარიელით.“
ამითი ყველაფერი თქვი, მე კი პასუხს თავი ავარიდე და უხერხული ღიმილით ლოყაზე გაკოცე.
და კიდევ მეტყვი რომ საოცრად კარგი ვარ?

ფიქრი მეექვსე

ვეღარაფერს გწერ...იქნებ იმიტომ, რომ სათქმელი აღარაფერი მაქვს, ან
იქნებ დუმილით უფრო მეტი რამ მინდა გითხრა...ვიცი გამიგებ.

ფიქრი მეშვიდე

და გადავწყვიტე, ეს წერილები ერთად ავკინძო, გამოგიგზავნო და გითხრა ის ყველაფერი, რაც ამ წერილებში ვერ ჩავატიე:

მე ერთი საშინელი და უგულო კაცი ვარ ელენ, არ მითხრა რატომო....მე ხომ შენ ყველაზე ლამაზი ოცნება მოგპარე და ნამსხვრევებად გიქციე, ალბათ ფიქრობ, რომ გულში სინანულის სიმიც კი არ შერხეულა, მაგრამ რომ იცოდე, როგორ მენატრები, ჩემო ყველაზე ერთგულო და საყვარელო მეგობარო, როგორ მინდა მოვიდე და გითხრა ეს ყველაფერი, თვალებში ჩაგხედო და ამოვაშრო ცრემლის ის ტბა, მე რომ დაგიგროვე სულში, მინდა იმედი ისევ ჩაგისახლო თვალებში... მინდა პატიება გთხოვო ყველა ტკივილისათვის, უძილო ღამეებისათვის, ჩემი ტკივილიანი სიყვარულისათვის....
და გირეკავ....
მაგრამ შენი ტელეფონი გამორთულია...
ნუთუ მიმატოვე...

ფანჯარას ვაღებ და მზის სხივებს დავეძებ,
იქნებ მათთან ერთად მოხვიდე ჩემთან და სითბოთი აავსო ჩემი მარტოობის ოთახი ელენ.

ჩემს მაგიდაზე ყავის ჭიქა მარტოობს, რომელსაც შენი სურნელი აქვს გამოყოლილი...

ზღვის სანაპიროზე დავბრუნდები..
იქნებ იქ ვიპოვო შენი ნაფეხურები...
ჩემსკენ მომავალი ელენ!

Комментариев нет: