понедельник, 30 ноября 2009 г.

ე-ლენ /გაუგზავნელი წერილების ქრონიკა/ მე მიყვარს ჩემი ე-ლენი :)))))))))

ე-ლენ

საკუთარ თავში ჩაკეტა თავი და დარაბები მჭიდროდ დახურა, მერე იმ ფიქრების აკრეფვას შეუდგა, ასე უხვად რომ მიმოფანტა ერთ დროს.
ოთახი დიდი იყო...ან იქნებ არც....
და ისეთი უწესრიგობა სუფევდა, თავადვე რომ უკვირდა... თუმცა საკვირველი ის უფრო იყო, ამ უწესრიგობაში რომ პოულობდა საკუთარ თავს.
ე-ლენ ერქვა...
აღარ ახსოვს, ვინ და როდის უწოდა ეს სახელი...
ნამდვილი არც ახსოვდა..
იქნებ იმიტომ, რომ სინამდვილე მისგან შორს იყო და მუდამ გამოგონილი ცხოვრებით ცხოვრობდა.
ე-ლენ...
მოსწონდა ეს სახელი
თან არ....
თუმცა მისთვის უკვე სულ ერთი იყო, რას დაუძახებდნენ...
ძახილი უკვე აღარ ესმოდა.
ფიქრებს აგროვებდა,
ამ ფიქრებით დაღლილი.
ჰო..
ოთახი დიდი იყო, იმავდროულად პატარაც...
ნაბიჯებით ზომავდა სივრცეს, ჰაერივით მსუბუქს.
მწვანე კედლები
კედლებზე თაროები,
თაროებზე წიგნები
და მძიმე, უხილავი მტვერი...
ფურცლებად დაწყობილი დამარილებული დღეები
იეროგლიფები მინებზე,
მხოლოდ მისთვის გასაგები
და დახურული დარაბები.
უსარკო ოთახი...
ყველა სარკე დაამსხვრია, და მასთან ერთად მათში მოქცეული ყველა იმედი, რომელიც მისი თვალებიდან გადასახლდა და სარკის მიღმა ცხოვრებაში დაიდო ბინა....
მძიმედ ჩაეშვა კუბოკრულპლედმოსხმული სავარძელში
და მის მოქანავე ზურგს მიაყრდნო წარსული..
ეს სავარძელი ერთგული მეგობარივით უნახავდა ფიქრებს,.
იმაზე ერთგულად, ვიდრე ადამიანები.
თვალები დახუჭა...
სიჩუმის გუგუნი ესმოდა და ცდილობდა, ნაწყვეტ ნაწყვეტ მოტანილი ხმები ერთად შეეკრა..
ცხელი ხელისგულებით ერთ მასად ექცია, უფორმო სხეულისათვის ფორმა მიეცა...
არ თუ ვერ გამოუვიდა...
ფეხებთან ო,ჰენრის წიგნი მარტოობდა....
უკანასკნელი ფოთოლოვით უღონოდ დაუშვა მხრები...
შეკავება არც უცდია,
ისევ დაეფანტა სათუთად ნაგროვები ფიქრები.
ფანჯარასთან მივიდა.
იცოდა, ეს საზღვარი იყო....
დახურული დარაბიდან მზის სხივი ლამობდა შემოჭრას...
ზურგს უკან კი მთელი მისი სამყარო იყო: ვერგამხელილი ფიქრები, აუხდენელი ოცნებები, დამსხვრეული იმედები და სიგარეტის კვამლივით ცაში გაფრენილი ბავშვობა....
დარაბებს იქით ქალაქი ხმაურობდა, დუღდა, თუხთუხებდა, ტიროდა, იცინოდა...
იქ სხვა სამყარო იყო....მისთვის უჩვეულო, გაუცხოებული...
ხელის მძიმე მოძრაობით დარაბა გააღო და თვალები დახუჭა,
ფრთების გაშლა სცადა...
შეკრთა
წამწამზე სითბო მოელამუნა...
ცხელი სუნთქვა მისწვდა მის ყელს...
ყურის ბიბილო აუწვა ერთადერთმა ფრაზამ:

"მომენატრე, ჩემო მეგობარო!"


ისევ ელენ!


და აღარ იყო...
სივრცეს შერწყმოდა
ამ სივრცესავით ჩუმი და უსხეულო.

-----
ეს დასასრულია,
მანამდე კი დაბადება იყო...
ნაადრევად დაიბადა, სუსტი და უსუსური, დაბადებისთანავე დაიწყო არსებობისთვის ბრძოლა...
გაუმართლა,
პირველი რაც დაინახა, დედის ცისფერი თვალები იყო, იმდენად ნათელი და ლამაზი, რომ შეეშინდა და ტირილი დაიწყო...
მას შემდეგ ცრემლი მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი გახდა.
პირველი ნაბიჯი არ ახსოვდა,
მხოლოდ ის შემორჩა მის მეხსიერებას, რომ მოჯადოებულ წრეში დადიოდა და ყოველთვის იქ ბრუნდებოდა, საიდანაც იწყებდა.
დასასრული მისთვის დასაწყისი იყო...
ყოველთვის მარტოობდა, ისე როგორც მის ლარნაკში ჩარგული იასამანი, რომლის არსებობა დიდი ხანია გადაავიწყდა...
იქნებ იმიტომ, რომ ლარნაკი იასამანით მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო, ყოველ დილით რომ ეფერებოდა.
ღამე ვარსკვლავებს ითვლიდა და იმ ვარსკვლავს ეძებდა, ღამეს რომ გაუნათებდა, მაგრამ ვერასოდეს პოულობდა...
მტვრით დაფარულ მაგიდაზე დიდი ნიჟარა იდო, ყურთან მიქონდა და მონატრებული ზღვის ხმაურს უსმენდა,
უყვარდა და ეშინოდა ზღვის...
ალბათ იმიტომ, რომ ანდამატივით იზიდავდა მისი მშფოთვარე ტალღები....
მუდამ ზღაპარში ცხოვრობდა და მკაცრ რეალობას შეჯახებული მყარად ვეღარ დააბიჯებდა დედამიწის ცხელ ზედაპირზე...
ღამე უყვარდა...
დღის ხმაური ღლიდა და უსარგებლო ნივთად გრძნობდა თავს,
წლებს ნელ ნელა კეცავდა ფურცლებად და აღარასოდეს შლიდა,
არავის უღებდა მარტოობის კარებს...
იქნებ იმიტომ, რომ ვერავინ უვსებდა ამ მარტოობას
ვერ თუ არ....
გაზაფხული უყვარდა კიდევ....
ნისლიანი შემოდგომაც...
გაზაფხული მისი ბავშვობა იყო, შემოდგომა აწმყო და მომავალი....
და მიდიოდა ნისლიანი გზებით...
საკუთარი დასასრულისაკენ..
ნაბიჯ ნაბიჯ
ნელა ნელა
და დაუნანებლად შლიდა წარსულს.
და აღარ იყო...
სივრცეს შერწყმოდა
ამ სივრცესავით ჩუმი და უსხეულო


ე-ლენის სიზმრები

ღამე მის სასთუმალთან ელენთან ერთად ათევდა და ალიონს დაღლილი ეგებებოდა.....არა, ღამე არ ღლიდა ელენს, ღამე უყვარდა, ამ დროს ის დროსთან ერთად მოგზაურობდა წარსულში და საზღვრები აღარ ბოჭავდა, შეეძლო ბავშვი ყოფილიყო, ან ფერია ზღაპრიდან, ან უბრალოდ ქალი, რომელსაც ყვავილებს უძღვნიან.....

სიზმრად ისიზმრებდა ფიქრებს.....

სიზმარი პირველი

დაბადება დაესიზმრა, შორეულ კუნძილზე უდღეური ბავშვი დაიბადა, წვრილი თვალებით და საოცრად სუსტი ხმით, ანგელოზები მოჰყვნენ ფეხდაფეხ და თავისი მფარველი კალთა გადააფარს...ბედის წიგნში კი ასე ჩაწერეს:
ნატვრისთვალს დაეძებდესო მუდამ.....

სოფელში ცხოვრობდა და ესიზმრა:

გარეთ თოვს, არეულად, ფარფატით მოდიან ფიფქები, თითქოს ეშინიათ დედამიწასთან შეხების და როგორც არასდროს, ისე ლამაზია თეთრსაბანმოგდებული მთები, ზამთრის ძილს მიცემულნი, გაყუჩებულნი და თითქოს დაბერებულნი.
გარეთ თოვს.
დუმს სოფელი, აქა-იქ საკვამურიდან ცისაკენ მიიკლაკნება ცისფერი კვამლი, ფანჯრის მინაზე მიჭყლეტილი პატარა სახე და ფართო თვალები მისგან თოვლის დედოფლისაკენ მიმავალ გზას საკეთებს, ძერწავს. ბავშვს ეშინია ოცნების გაფანტვის და ნატრობს არასოდეს გადაიღოს თოვამ. ბუხართან მიმჯდარი თეთრწვერა ბაბუა ყალიონს აბოლებს და გრძელი ზამთრის გასვლას ნატრობს, რადგან ის რატომღაც თავის სიბერეს აგონებს. ბებია პატარა წინდებს ქსოვს და თვალებში ისეთი სევდა უკრთის სათვალის მიღმა, რომელიც მხოლოდ მოხუცისთვისაა ნაცნობი.
"ჩამოდი, ბებია, ფანჯრიდან!"
ბავშვი დუმს და ნელა მიჰყვება ზამთრის გრძელ ღამეში გაკვალულ ცისფერ ბილიკს თოვლის დედოფალისაკენ.
თოვს.
და ჩუმად გუგუნებს ბუხარი.
მის გვერდით ყალიონს აბოლებს ცოცხალი საუკუნე და ისიც მიჰყვება ფიქრს, ოღონდ დაუბრუნებელ ფიქრს. ფანჯრის მინაზე მიკრული სახე და თვალები კი კითხულობენ:
"როდის მოვა თოვლის დედოფალი?"

სიზმარი მეორე

ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა, დიდი, სევდით სავსე თაფლისფერი თვალებით და სიყვარულით სავსე გულით, ყველას ტკივილი სტკიოდა და ყველას სიხარული უხაროდა, თავის ტკივილს კი გულში მალავდა და არავის აჩვენებდა, ტკივილი იზრდებოდა, გული კი არა, სხეული იღლებოდა, სული კი არა, გული ტიროდა, თვალები არა და გოგონა დამალული ცრემლებით ბანდა გულში გაჩენილ ჭრილობებს. წლები გადიოდა და სიყვარულით სავსე გული უსიყვარულოდ იფერფლებოდა, ტირიფის ტოტებივით ნელ-ნელა ეშვებოდა მისი სხეული დედამიწისაკენ და მოსაფერებლად გაწვდილი ხელები შველას ითხოვდა, რატომღაც ვერავინ ამჩნევდა ამ დიდთვალება და სიყვარულით გულავსებულ გოგონას, რომელიც უხვად აბნევდა სიკეთეს, სითბოს და თავად არაფერს ითხოვდა.
“მოითხოვე და მოგეცემაო”, ჩასძახოდა ვიღაც
“სიკეთის სამაგიეროს არ ითხოვენო”, პასუხობდა გოგონა.
“ჰო და არც მოგეცემაო”, ხარხარებდა ვიღაც და მაინც თოვლის თეთრი ფანტელებივით უხვად ეფინებოდა დედამიწას გოგონასაგან გადმოღვრილი სიყვარული.
ერთი ნატვრა ჰქონდა: მის გარშემო მხოლოდ სიხარულით სავსე თვალები და სიკეთით სავსე გულები დაენახა და ისიც ყვარებოდათ ისე, როგორც მას უყვარდა: უსაზღვროდ და უანგაროდ, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ტირიფის ხე ყოფილიყო მისი საბოლოო ნავსაყუდელი.
დადიოდა ამ ქვეყნად ერთი პატარა გოგონა, რომელსაც ვერავინ ამჩნევდა რატომღაც!


სიზმარი მესამე

ელენის ყველა დილა ეკლესიის ეზოთი იწყებოდა. ფეხაკრეფით მიუყვებოდა გზას თავდახრილი და სევდით სავსე. ეზოში უცნობი მათხოვარი ხვდებოდა ყოველ დილას, თუმცა რატომ უცნობი?!ისინი ხომ ყველა დილით ხვდებოდნენ ერთმანეთს, ის მათხოვრობდა და არაფერს იპარავდა, ელენი კი . . .
ელენი ქურდი იყო,
სიყვარულს იპარავდა, გულში მალავდა და ეშინოდა მისი დაკარგვის, ეკლესიაში შესულს დამწვარი სანთლების სუნი თავბრუს ახვევდა და ეშინოდა
ეშინოდა უღმერთობით გაჩენილი ტკივილის.

სიზმარი მეოთხე

ძილს მიბარებული თვალებმა ჩუმად კითხულობდნენ: ნეტავი ახლა რა დროაო?????????
ირგვლივ კი ყველაფერი თვალისმომჭრელად ბრწყინავდა, ველური გვირილების ზღვა ღელავდა და ვიღაც თავზე ადგავდა მინდვრის ყვავილების გვირგვინს, თვალებხატულა პეპლების კაბა ეცვა ტანთ და ყვითელგულა ჩიტების ამალა დაყვებოდა. გვირილების ზღვის მეორე ნაპირას უფლისწული ელოდებოდა და საოცრად მელოდიური ხმით უკითხავდა ლექსებს . . .
დილა თენდებოდა ....
არ უნდოდა სიზმრის დასრულება ელენს,
მაგრამ
გაღვიძების დროაო
ეუბნებოდა დილა.
და სიზმარიც სრულდებოდა ელენის ნატვრასთან ერთად.

სიზმარი მეხუთე

პატარა ოთახი... ქალი... მაგიდა...
მის წინ ყავის ჭიქას საიამოვნო სურნელი სდის...
ჰაერში თეთრი ღრუბლების გროვაა... რგოლო რგოლში, რგოლი რგოლში
ნაზი მუსიკაა არა?!
ფერებიც ამ მუსიკის ფონზე იცვლება
პირდაპირ ნიღაბი...ორი ობოლი ცრემლი...გვერდით ხის ტოტი ერთადერთი ყვითელი ფოთლით
წითელი სანთელი ნელ-ნელა თავს ხრის, ფანჯარაზე ვიღაც აკაკუნებს
ქალი თავს სწევს
თურმე წვიმის წვეთებია.
უხმოდ დგება და ნიღაბი კედლიდან ქრება
ყველაფერი რჩება . . .
ყავის სასიამოვნო სურნელი, რომელიც თეთრ რგოლებს ერევა
საფერფლეში ნამწვი იწვის მარტოობის ნიშნად.
მაგიდაზე ორი ჭიქაა, ორი თეფში...უწესრიგოს დაყრილი ქაღალდები და სიგარეტის დაცლილი კოლოფი - მეორე მხარეს.
გასასვლელთან დიდი სარკეა
იქ ორი ქალია
კარი იღება და წვიმის წვეთებს ლანდად ქცეული სხეული უერთდება . . .
ყავა ჯერ ისევ ცხელია
და სანთელიც ნელა იწვის
სიგარეტის კოლოფი ცარიელია.


სიზმარი მეექვსე

ვეღარ ისიზმრებდა სიზმრებს
სიზმარიც გაყინულიყო დროში, ეძახდა მაგრამ აღარ მოდიოდა....

ამიტომ აღარ იძინებდა ელენი,
თვალებღია დადიოდა და ნაბიჯებით ზომავდა უკანასკნელ გადასახედამდე მანძილს.

სიზმარი მეშვიდე

ისევ დაბადება დაესიზმრა....
მიხვდა, ყველაფერი თავიდან იწყებოდა...შეშფოთდა, შეეშინდა წარსულში დაბრუნების,
კალენდარს შეხედა...
ერთადერთი თარიღი, რომელსაც დაუნანებლად ხევდა....
ის ერთადერთი თარიღი უყურებდა კედლიდან, დავიწყებოდა ჩამოხევა...
დღე ხვალინდელი.



ე-ლენის წერილები

გაზაფხულს იასამანის სურნელი მოაქვს და მასთან ერთად შენიც,
ცრემლშეპარული ფიქრები დააბიჯებენ გაყვითლებულ ფურცლებზე და ტკივილად იღვრებიან უთქმელი სიტყვების ზღვაში,
ფიქრები დღეებად ლაგდება,
დღეები თვეებად და ერთგული ჯარისკაცებივით ავსებენ შენით სავსე სიცარიელეს. უმისამართო ფიქრებს მისამართს ვაწერ და შენთან ვაგზავნი.

წერილი პირველი

ახლა ღამეა, წუთები მიხანგრძლივებს უშენო საათებს...ცისფერი ეკრანი ნოსტალგიად იღვრება ოთახში, ეკრანზე შენი თვალებია, ვუყურებ და ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი ხარ...მინდა დავინახო თვალებს მიღმა მდგარი ადამიანი, რომელიც საოცრად ლამაზ წერილებს მწერს...
ყოვლისშემძლე მგონიხარ...
იქნებ ასეცაა...
ვფიქრობ და...ვერაფრით წარმოგიდგინე.

წერილი მეორე

შენსკენ მომავალ გზას მოვყვები ხელისცეცებით. გამიხარდა, გუშინ მეგობარი მიწოდე...
ვიცი, ამ სიტყვების მოსმენას შენგან ბევრი ოცნებობს...
ნეტავი რითი დავიმსახურე?
ტელეფონის ნომრები გავცვალეთ...
მიხარია და მადლობას ვუხდი ვირტუალურ სამყაროს შენი გაცნობისათვის, მაგრამ ნომერი ქრონიკულად გამორთულია...
შენ კი მამხნევებ და ჩემს ტკივილებს მოთმინებით ისმენ...
შეხვედრას მპირდები...
ნეტავი როგორი ხარ?

წერილი მესამე

ჰო! შეხვედრას მპირდები და მეც გიჯერებ...
დრო კი ულმობლად ამსხვრევს მოლოდინს...
მაინც რა უსაშველოდ გაიწელა ეს ზამთარი, სად დაიკარგე? ვეღარ გპოულობ..
უშენობის ყვითელი ფოთლები სცვივა თვეებს.

წერილი მეოთხე

გიპოვე!!!!
ვიგრძენი, როგორ ძლიერ მომნატებიხარ....
მე კი მეგონა დამავიწყდი.....

ვიხსენებ დაპირებულ და შემდგარ შეხვედრას:

მე - ყავა
შენ - სიგარეტი
ცხელ ყავას ჩემი ფიქრი მიჰყვება,
სიგარეტის კვამლს შენი,
ორივე მათრობელაა,
ორივე ჩემთვის...
ყავა დაილია,
ჩაქრა სიგარეტიც,
მე ტუჩებზე ყავის სიტკბო შემრჩა
შენ სიგარეტის მწარე გემო...
მიხარია...
ისეთი ხარ, როგორიც წარმომედგინა.....
დღეებს შენი წერილები მილამაზებს...

წერილი მეხუთე

და ისევ...
შენ ახლა აქ ხარ...ჩემთან და იმდენად ახლოს, რომ მეშინია ამ სიახლოვის...
ზღვა არის ჩემთან და მისი ტალღები ეფერება ჩემს სხეულს ქცეულს ქანდაკებად შენი სულის კარიბჭესთან მოტანილს.
მაკრთობს და მამშვიდებს შენი სიახლოვე,
მინდა შენთან და გაგირბივარ,
გზა იწყება და მთავრდება შენით,
ეს გზა უსაშველოდ გრძელია და მოკლე,
მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაშორებს შენთან...
ვიცი, ამ დუმილს მხოლოდ შენ თუ გაიგებ.

წერილი მეექვსე

სიზმარს მიყვება ზღვა...
მეუბნება, როგორ შეისრუტა მზე შენი გაშლილი ხელისგულიდან..
მე ამ სიზმარს მთვარეს ვანდობ და შენთან ვატან,
სიზმარს - ჩემს მონატრებაზე.

წერილი მეშვიდე

ერთად ვართ, მიხარია და ...
იცი? შენთან ყოფნას ისე შევეჩვიე, მეშინია უშენო წუთების, რომელიც ტკივილს უსაშველოდ ახანგრძლივებს..
მეგონა ძლიერი ვიყავი, მაგრამ სუსტი და უმწეო ვყოფილვარ,
ან იქნებ არც...
ან იქნებ იმიტომ, რომ მინდოდა შენი მზრუნველი ხელი მეგრძნო...შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ....

არ ვიცი,

ისიც არ ვიცი, რატომ გწერ წერილებს...
ეს ყველა წერილი ხომ ერთ სიტყვაში ჩაეტეოდა:

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !


ქარი, მზე და შენ...ჩემი სამყარო

ე-ლენ!

უკვე იცოდა, სად იყო დასასრული
წერილებს აღარ წერდა...
ფრაზებად ალაგებდა დღეებს:

დღე პირველი

- ქარი და მზე ერთად შემოიჭრა ჩემს ოთახში, ხარბად შევისუნთქე, მეგონა შენი სურნელი შემოყვებოდა თან....შევცდი, გაბრაზებულმა ფანჯრის მინებზე სქელი ფარდა ჩამოვაფარე, რომ მზე აღარ შემომეშვა მარტოდ მოსული.....

დღე მეორე

- ალიონს ისე შევეგებე, ვერც კი ვიგრძენი ღამენათევი თვალების სიმძიმე...კარის მიღმა შენი აჩრდილი ხმაურობდა, რომელიც მზის სხივს შემოჰყვა ჩემთან და ისე მაგრად ჩამიკრა გულში, ლამის სული შემიგუბდა....

დღე მესამე

- დღეები ერთფეროვანი და უსახურია...მათ მხოლოდ შენი გამოჩენა ალამაზებს, შენი თვალების სითბო და ტუჩის უპეებში დამალული ღიმილი მეუბნება, რომ სიცოცხლე მშვენიერია და კარი ფართოდ უნდა გავუღო სიყვარულს. მთრთოლვარე თითებით შუბლზე ჩამოყრილ თმას მისწორებ და კოცნით აშრობ ღაწვზე ჩამოგორებულ მლაშე ნაკადულს...შენი ტუჩები ისეთი ცხელია, მეშინია არ დამწვას, მაგრამ მაინც ძალუმად გეკრობი, თითქოს მინდა ერთსხეულად ვიქცეთ, რათა არასოდეს არ დავშორდეთ...

დღე მეოთხე

- ღამე ისევ უშენოდ იწყება....ჩემს ოთახს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს შენი სურნელი, საწოლზე უამრავი ბალიში ყრია, მეცინება, მახსენდება როგორ მითხარი: დაჯექი და გარს შემოილაგე ყველა ბალიში, მინდა გიყურო ძალიან დიდხანს და დავტკბე შენი მშვენიერებითო, ფანჯარასთან მიხვედი და სიგარეტის კვამლში გახვეული თვალებით დიდხანს მიყურებდი, თითქოს გინდოდა, სამუდამო კადრად ჩავბეჭდილიყავი შენს მეხსიერებაში. მერე ღრმად ამოისუნთქე და მხრებდაშვებულმა ჩუმად გაიხურე ოთახის კარი...არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიყავი ასე, ჩემს ტუჩებს კი ისევ შერჩენილი ქონდათ შენი ტუჩების სიტკბო.

დღე მეხუთე

- თითებზე ვითვლი დღეებს... მაინც რა უსაშველოა უშენობით სავსე წუთები. არ ვიცი, როდის შემოაღებ ჩემი ოთახის კარებს, ამიტომ ასე ვზივარ მოლოდინადქცეული და ვიხანგრძლივებ ტკივილმოყრილ ფიქრებს, მინდა, რომ სულ ჩემთან იყო და შენი ხელისგული ათბობდეს ჩემს გულს. ხანდახან ისე დიდხანს იკარგები, მეშინია, რომ დავიჯერებ შენს არარსებობას....ამიტომ არ ვიჯერებ და დარაბებს ღიად ვტოვებ, იქნებ მოხვიდე.

დღე მეექვსე

- უცებ აღმოვაჩინე, რომ ყველა დღე საოცრად გავს ერთმანეთს... ყველა საათი ერთმანეთის მსგავსია და ეს ერთფეროვნება კი არა, შენი მონატრებაა...

დღე მეშვიდე

- ყველაფერი ისევ ისე მეორდება: ქარი, მზე და შენ...ჩემი სამყარო, რომელიც მე შენით შევქმენი და ისე დავიჯერე მისი არსებობა, რომ რეალობა მგონია, ხანდახან მინდა, რომ ამ რეალობას გავექცე შორს, ძალიან შორს, მაგრამ ვერ ვახერხებ და ისევ შენთან ვბრუნდები. – მესმის როგორ მეძახი - ელენ! და ისევ ვიჯერებ, რომ შენ ჩემთან ხარ, რომ არასოდეს წახვალ ჩემგან და სიცოცხლეს ვიხანგრძლივებ შენი მოლოდინით.


ე-ლენის მონოლოგი საკუთარ თავთან

მონოლოგი პირველი

სასწაული ხარო...
არა, სასწაული არ ვარ...
უბრალოდ ერთი პატარა, სულელი და უზომოდ შეყვარებული ადამიანი ვარ.
არ გჯერა?
ჩამხედე თვალებში და ეცადე დაინახო სულის ნაპირი.
არა, არ გებუტები,რატომ გგონია, რომ გაგებუტე?
უბრალოდ მიყვარს, როცა ზრუნავ ჩემზე, გაბუტვის გეშინია და მეფერები.
რატომ ბრაზობ?
რა ვქნა, თუ სულ შენთან ყოფნა მინდა, ნუ იმიზეზებ, დრო არ მაქვსო, იცოდე ისევ გაგებუტები...
რას მომჩრებიხარ თმააჩეჩილი და პირდაუბანელი, წვერგაუპარსავი, მოგიდუღებ ყავას და იყავი ამ ყავასა და შენს სიგარეტთან ერთად, მე ხმასაც არ გაგცემ.
და იცი რატომ?
სულ მე გესაუბრები,
სულ ასე ჩუმად როგორ უნდა იყო...
მომბეზრდა მონოლოგი საკუთარ თავთან,
დღეიდან აღარ ჩავიხედავ დილაობით სარკეში, რომ არ დაგინახო თვალებში არეკლილი.

მონოლოგი მეორე

რატომ მიყურებ ამღვრეული და გაციებული თვალებით...
სიგარეტს საფერფლეში აფერფლებ და მასთან ერთად ფიქრსაც....

დაიღალე?

შენ ხომ არ გჩვევია წუწუნი, ყველაზე ძლიერი ადამიანი ვარ ამ ქვეყნადო, განა ამას არ მეუბნებოდი? ახლა კი დაიღალე? ან იქნებ გინდა, რომ უბრალოდ თავი შემაცოდო, აი ნახე როგორ ვიღლები, შენ კი ერთი თბილი სიტყვა გენანება ჩემთვისო....

გუშინ დაგინახე, იების თაიგული მკერდზე გქონდა ჩახუტებული , მომღიმარი და ბედნიერი მოაბიჯებდი მგონია, თვალები კი რატომღაც საოცრად სევდიანი იყო.....

ხომ გიყვარს იები? მითუმეტეს თუ ის საყვარელმა ადამიანმა გაჩუქა სიყვარულის დღეს....

ვიცი, შენი ოთახი პატარა და მუდროა, ყვავილებით და სითბოთი სავსე, ნაზი მუსიკა ტალღებად იღვრება და ხმამაღლა კითხულობ საყვარელი ადამიანის ლექსებს... ეს ხომ შენი სამყაროა, მშვიდი და მღელვარე.

რატომ ბრაზობ?

და თვალები ობოლი ცრემლით გევსება.....

კარგი, გავჩუმდები აღარაფერს გეტყვი...

ვიცი, იები ერთი პატარა გოგონასაგან იყიდე და საკუთარი თავი დააჯერე, რომ ისინი საყვარელმა ადამიანმა გამოგიგზავნა...

არც შენი ოთახია პატარა და მყუდრო, ის დიდია, ცარიელი და სავსე შენი მარტოობით....

საცალფეხო ბილიკზე მიმავალს ფეხისგულებს გიწვავს ჩუმი ტკივილი და სიგარეტში კლავს დარდს.....

ჯობია
აბურდული თმა გაისწორო და მზეს შეეგებო, ღამე ისედაც შენია....

ჰო,

რატომღაც დავიჩემე საკუთარ თავთან საუბარი...

მიყვარს სარკის მიღმა მდგარი ადამიანის სულის ლაბირინთში სიარული..

იქ იმდენი გაუკვალავი ბილიკი და ამოუცნობი სამყაროა....


ზღვარი

იცოდა ე-ლენმა მოთამაშე იყო.....თვალებღია მთვარის შუქით განათებულ ოთახში მჯდომი ნათლად ხედავდა. როგორ ეხუჭებოდა მას თვალები, თრიაქმოწეულივით,
ტუჩებზე სიმშრალეს გრძნობდა,
ალბათ სიგარეტის გამო...
ბევრს ეწეოდა....
ხოჭოებივით ესეოდნენ ფიქრები,
ფეხარეული დააბიჯებდა ცხოვრების ლაბირინთებში
და საკუთარ თავს ეძებდა,
რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგა....
ბედთან შერიგებული ოციოდე კვადრატულ მეტრ ოთახში გამოკეტილი ცხოვრობდა....
და ბევრს ფიქრობდა....

ხედავდა ელენი და ღამესთან დამეგობრებულ მის თვალებს ტკივილი ხაზავდა და სისხლისფერი ნაკადულები მოდიოდა წვიმად…
გულში უიმედობის ჭია ღრღნიდა კაპილარებს და სიცარილეა ავსებდა დაგუბებული სევდა…
როგორ ეგონა ე-ლენს, რომ მის მხრებს ყავარჯენივით შეუდგებოდა,
ფეხს აადგმევინებდა,
და ღიმილიანი გზებით ატარებდა…..
ან იქნებ კი არ ეგონა…უნდოდა, რომ ასე ყოფილიყო და საკუთარი თავი დააჯერა, რომ ამას შეძლებდა…..
მარტოობით შეფერილ ოთახში კედლიდან კედლამდე კიდევ ერთხელ გადაზომა უკვე ათასჯერ გადაზომილი მანძილი…
სიგარეტი საფერფლეში მისი გულის ბაგა ბუგს ითვლიდა
ყავის ჭიქა კი გვერდშემოტეხილ ლამბაქს დაყრდნობილი შემხმარ წარსულს სანაგვისაკენ ისროდა.

ფიქრიც კი ეზარებოდა ამიტომ სულ თვალებღია ძილფხიზლობდა….
მოქანავე სავარძელში მთელი მისი ცხოვრება ირწეოდა ….
ყოველთვის უყვარდა და თან სძულდა, რადგან ამ სიყვარულს ადამიანები ვერ ხედავდნენ….
იქნებ იმიტომ რომ ზედმეტად უყვარდა? იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება გიყვარდეს?
უხვად გასცემდა სითბოს და ეს სითბო აშინებდა გარშემომყოფთ….
სიკეთის თესვა ჩვევად ექცა, თუმცა არსოდეს ელოდა ნაყოფს….

მის გარშემო ყოველთვის იყვნენ და თან არ იყვნენ ადამიანები….ახლა კი ისინი ამ დიდი და თან პატარა ოთახის კედლებიდან ირონიაშეპარული თვალებით უყურებნენ. . . უნდოდა ჩამოეხსნა ეს ადამიანები მეხსიერების კედლებიდან, მაგრამ ისინი ჯიუტად არ მიდიოდნენ და ყოველწუთს ახსენებდნენ წარსულს.

გრძნობდა სიგიჟის ზღვარზე იყო . . .
ეს არ უკვირდა, უკვირდა ის, ამას რომ გრძნობდა.

ე. ი. გრძნობებისაგან მთლად არ დაცლილიყო….

დაცლა კი სურდა, რადგან იცოდა, ასე უფრო მარტივი იქნებოდა მისი არსებობა.

წარსულის გაყვითლებულ ფურცლებზე დარჩენილი წლები მარწუხივით უჭერდა ყელში და სულს უხუთავდა…..

როგორ სჯეროდა რომ

მის მხრებს ყავარჯენივით შეუდგებოდა
ფეხს აადგმევინებდა
ღიმილიანი გზებით ატარებდა…..

ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც ცოცხლობდა….

და ვერ შეუდგა ყავარჯნად,
ფეხი ვერ აადგმევინა,
ვერც ღიმილიანი გზით ატარა. . .

ეს უკვე ზღვარი აღარ იყო
მის იქით უკვე აღარაფერი იყო.
მარტოობის და სიბნელის გარდა.…


შემინდე უფალო!

მარტო იჯდა ოთახში, არ უკვირდა, რადგან მარტოობას შეჩვეული იყო, ის უფრო გააკვირვებდა, ვიღაცის არსებობა რომ ეგრძნო გვერდით, გააკვირვებდა და არაფრისმთქმელ თვალებში იმედის სხივი აკიაფდებოდა.
ალბომს ფურცლავდა,
ბავშვობის ფურცლებს...
მოენატრა იქ დაბრუნება, ჩითის კაბიანი და მხიარულთვალებიანი გოგონა, იებს რომ კრეფდა და ყვავილებს იწნავდა თმებში, მზეს რომ ეგებებოდა ყველა დილით და ცვრიან ბალახზე დარბოდა ფეხშიშველი....
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, იმდენად დიდი, რომ უჭირდა წარსულზე ფიქრი, ტკივილი კლავდა დაუბრუნებელი დღეების გამო.....
ირწეოდა სავარძელი და მასთან ერთად ტკბილი მოგონებები...
სხეულს ვეღარ გრძნობდა...
სული აწუხებდა,
უფალს უხმობდა...
და მასთან თავად არ თუ ვერ მიდიოდა....
იქნებ ამიტომ...
იქნებ ამიტომ ვეღარ გრძნობდა სხეულს ქვადქცეულს....
იქნებ ამიტომ სულდაღლილი ფანჯრის რაფაზე მარტოობდა მისი მარტოობა და სარკმლის მიღმა ნისლიანი თვალები მონატრებულ სიმშვიდეს ეძებდა.
....საღამოს კი სანთელი უნათებდა და გაყვითლებული ხელებით ლოცვად მუხლმოყრილი ჩურჩულებდა:
შემინდე უფალო!
დარაბებჩაკეტილ ოთახში ეული სული მარტოობდა.



მისი ოთახი ერთი დიდი გამოქვაბული იყო

ოთახი ერთი დიდი გამოქვაბული იყო, რომელსაც გასასვლელი კარი არ ქონდა...
მწვანე კედლები, კუბოკრულპლედგადაკრული მოქანავე სავარძელი, მაგიდა, მაგიდაზე უწესრიგოდ მიყრილი ფურცლები, ფანქრები, წიგნები, ნამწვით სავსე საფერფლე და....
იმ ჭიქაში ყავა არასოდეს ილეოდა...
არც ადგილს უცვლიდა,
უნდოდა ოთახის ყველა კუთხიდან დაენახა,
შეხებით კი იშვიათად ეხებოდა.
ჭიქის პირი ტუჩს უწვავდა,
შეხება - გულს...
ტკივილი კლავდა....
ეს ჭიქა ე-ლენმა აჩუქა,
ალბათ სურდა, რომ ყოველთვის მის გვერდით ყოფილიყო....
ხშირად უფიქრია, ნამსხვრევებად ექცია ჭიქა,
მაგრამ სურვილი კლავდა...
ე-ლენის სურვილი,
მის ცხოვრებაში ასე მოულოდნელად შემოჭრილის...
მისი აჩრდილი ყველგან დაყვებოდა, ოთახი სავსე იყო მისი სურნელით, ამიტომ არასოდეს აღებდა კარებს, ეშინოდა რომ აჩრდილი კარს მიღმა დაიდებდა ბინას.
ჩუმად იმეორებდა: ელენ! ელენ! ელენ! რადგან ეშინოდა, რომ დაავიწყდებოდა...
არ იცოდა, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა,
საკუთარი თავი დაკარგა თითქოს, ელენმა ხომ სარკეში ჩაახედა და მისი მეორე (იქნებ ნამდვილი) მე დაანახვა...
ყავის ჭიქიდან საყვედურშეპარული და სითბოთი სავსე თვალები უცქერდა,
უყვარდა ელენი,
ელენსაც უყვარდა,
მაგრამ გამოქვაბულადქცეულ ოთახს კარი აღარ ქონდა...
დრო ულმობლად ამსხვრევდა იმედებს.

ის წერდა ე-ლენს და აღარ ასათაურებდა წერილებს

ისევ წერდა ე-ლენს და აღარ ასათაურებდა წერილებს....
წერდა და ხევდა...
მაგიდაზე უზარმაზარი ფურცლების გროვა იყო,
ყველა დღე თითო ფურცელს უმატებდა...კალენდარივით ახევდა დღეებს და წარსულში უმიზნოდ დაბორიალობდა.
არავის არ გავდა,
არავინ იყო,
ერთი იყო
და მასში რამოდენიმე ადამიანი ცხოვრობდა....
ხანდახან თავადაც ერეოდა ვინ იყო: აზარტული მოთამაშე, სევდიანი მელექსე, ღამეული ადამიანი თუ....ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი, სიცოცხლე რომ ესესხა ცხოვრებას.
არა,
ე-ლენის გამო იყო ყველაფერი.
მან გამოააშკარავა და სარკეში ისე ნათლად დაანახა თავი, თავადვე შეშინდა....
ტანში ჭიანჭველებმა დაურბინა....
ე-ლენმა ნიღაბი ჩამოხსნა და შეშინებულ თვალებში აირეკლა...
მისი დაკარგვის შეეშინდა, უნიღბო სახეს რომ დაინახავდა.
ე-ლენმა კი გაუღიმა და...
მიხვდა,
ე-ლენს ისეთი უყვარდა, როგორიც იყო.
საკუთარი თავი შეზიზღდა....
ვენებდაწყვეტილ სხეულში სიცოცხლე მდორედ მიედინებოდა, ღამენათევი თვალები კედლებზე მიკრულ ადამიანებს მისჩერებოდა და უკვე ვერ თუ არ იხსენებდა წარსულს...
როგორ უნდოდა, მიეტოვებინა ე-ლენს...ისევ ჩარჩენილიყო უფანჯრო ოთახში და სადღაც შორიდან შემომავალი მუსიკისათვის მოესმინა, გაბრუებულიყო მათრობელა სითხით და ვეღარ ეგრძნო ცხოვრების სიმუხთლე....
ე-ლენს სიცოცხლის სიყვარული შემოჰქონდა მასში,
სამაგიეროს კი არაფერს ითხოვდა და ბავშვური თვალებიდან სიყვარულს და სიმშვიდეს აფრქვევდა....
ეს კი ჭკუიდან შლიდა, რადგან იცოდა, ვერ აჩუქებდა ე-ლენს სიყვარულს...
ამიტომ წერდა,
წერდა და ხევდა...
წერდა საკუთარი სიცოცხლის ისტორიას, ცხოვრებას რომ ესესხა.
და იყო ერთი - მარტოსული და მრავალსახე, სიცოცხლემისჯილი, ვენებდაწყვეტილ სხეულში სიცოცხლე მდორედ მიედინებოდა, ღამენათევი თვალები კედლებზე მიკრულ ადამიანებს მისჩერებოდა და წარსული დროის მოსაგონებლად საათი ნელა ნელა ითვლიდა უკანასკნელ წამებს.


იქ იწყებოდნენ სადაც მთავრდებოდნენ..და ამას ერთმანეთს სწერდნენ

იქ იწყებოდნენ სადაც მთავრდებოდნენ,
იქნებ იმიტომ, რომ ეშინოდათ დასასრულის...

და ამას ერთმანეთს სწერდნენ....
ორივემ იცოდა, წერილი მივიდოდა ადრესატამდე ისე ჩუმად და უხმაუროდ, რომ ვერცერთი ვერ იგრძნობდა....
შეხვედრისას თვალები ერთმანეთს იპოვნიდნენ, მაგრამ დაიხრებოდნენ, რათა არ დაენახათ იქ აღმოჩენილი საყვედურნარევი ღიმილი....

ჰო.... ერთმანეთს სწერდნენ, და ძალიან, ძალიან უნდოდათ ხმამაღლა ეთქვათ ეს ყველაფერი...
ერთმანეთის თვალებში ჩასახლებულიყვნენ და არასოდეს გადმოღვრილიყო ფიქრი ცრემლად....

ე-ლენს
მისი დუმილიც კი ენატრებოდა...
ის კი ეუბნებოდა: სულ მონატრებაზე წერო...
ე-ლენი ჩუმად იყო და ელოდა:
ზარს
წერილს
სიტყვას
რომელსაც ჟანგბადივით ხარბად შეისრუტავდა.....
მის ოთახში კი სიბნელე და მთვარის მკრთალი შუქი ერთმანეთს კვეთდა.
სიგატერის კვამლი ნელა ნელა მიყვებოდა ფიქრს...
ყავა ჭიქაში ცივდებოდა....
ხელისგულებზე მარტოსულის სული იყო ფერფლივით ნაზი და მოფარფატე.
შოპენს უკრავედნენ
და ცაზე ვარსკვალვები იწყებდნენ ცეკვას...
წამწამი წამწამს ედებოდა და ორი ნაკადული პოულობდა ერთმანეთს, ისე, როგორც ორი გული.


ერთსული იყო ორივე...
ორივე მარტოობდა
და ამ სიმარტოვეს ერთმანეთზე ფიქრით ავსებდა....
ამარტივებდა...

ცხოვრება კი რთული ბილიკებით სავალ გზად ისერებოდა....

ჰო,
ერთსული იყო ორივე
და მაინც ორივე მარტოობდა.

Комментариев нет: